Short interview with Georgian newspaper – “LELO”
ჩვენი კაცი ლიეტუვურ ფეხბურთში! ირაკლი ხვედელიანი ტექნიკური დირექტორის პოსტზე დაინიშნა…
ირაკლი ხვედელიანი, ვისაც არაერთ ქართულ კლუბსა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ყირგიზულ “ალაი ოშში” უმუშავია, ლიეტუვური საფეხბურთო კლუბის, “ბაბრუნგასის” ტექნიკური დირექტორად და საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ხვედელიანის საფეხბურთო ხედვა ძალიან საინტერესოა. თავის დროზე მან უდიდესი სამუშაო გასწია თბილისის “ლოკომოტივში” – მის მიერ ჩამოყვანილი ლეგიონერები თავიანთ ქვეყნებში ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ღირსებას იცავენ.
ირაკლიმ თავისი კვალი დაატყო ყირგიზულ “ალაი ოშსაც”, შედეგიანად იმუშავა თბილისური “ლოკომოტივის” სპორტული დირექტორის პოსტზე…
მოკლედ, “ბაბრუნგასი”, რომელიც ერთობ ტრადიციული კლუბია და 1935 წელსაა დაარსებული, მისთვის ახალი გამოწვევაა. კლუბს მდინარის სახელი ჰქვია, ისე კი პატარა, ულამაზეს ქალაქს – პლუნგეს წარმოადგენს.
ირაკლი ხვედელიანს ლიეტუვაში დავუკავშირდით და მისგან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ:
“კლუბში ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დავიკავე და, გარდა ამისა, საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელიც ვიქნები. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩემს მოვალეობაში ასევე შედის პირველი გუნდისთვის ანალიტიკურ ნაწილში მონაწილეობა.
“ბაბრუნგასი” ლიეტუვის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და ამ დროისთვის გუნდი მეხუთე ადგილზეა. ჩემპიონატის ბოლომდე 10 ტურია დარჩენილი. პირველადგილოსანი პირდაპირ გადადის უმაღლეს ლიგაში და მასთან სხვაობა 14 ქულაა, მეორეადგილოსანთან კი, რომელიც პლეი-ოფს თამაშობს – 6. ასე რომ, შანსი არის.
კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს. ცხადია, ძალიან დიდი წარმატება იქნება უმაღლეს ლიგაში გადასვლა, მაგრამ ამასთან ერთად, აქცენტი არის გაკეთებული საკლუბო აკადემიაზე.
“ბაბრუნგასის” არცერთ ფეხბურთელს აქამდე არ უთამაშია ლიეტუვის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში და ამ მოცემულობის შეცვლა უნდათ.
სიმართლე გითხრათ, რაც ამ მოკლე ხანში ვნახე, ბევრი სამუშაოა აკადემიის კუთხით, მაგრამ მაქვს გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები… მოკლედ, სამუშაო ძალიან ბევრია…
რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელების შესაძლო დამატებას, ამ ეტაპზე ლიეტუვაში სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილია. მხოლოდ ადგილობრივ კადრებზე ვარ ამ დროისთვის კონცენტრირებული და ამოცანა ის არის, რომ ლიეტუვის რომელიმე ნაკრებში ითამაშოს ჩვენი კლუბის წევრმა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტია. არიან ლეგიონერები – იაპონიიდან, ბრაზილიიდან… გარემო კარგია – საქმეზე ორიენტრებული, სასიამოვნოა აქ მუშაობა…
ინფრასტრუქტურაც კარგია. თუნდაც სათამაშო მინდორი რომ ავიღოთ, საკლუბო ოფისი, სავარჯიშო მინდორი… ხელოვნური საფარია, მაგრამ – კარგი ხარისხის. არის პირობები, რომ გაიზარდოს კარგი თაობა.
პლუნგე პატარა, ულამაზესი ქალაქია. სიმწვანე, ორიგინალური სახლები… ლიეტუვაში დიდი ქალაქები კიდევ უფრო მიმზიდველია, მაგრამ პლუნგეც ულამაზესია”, – გვითხრა ხვედელიანმა.