Profile Image

Irakli Khvedeliani

Football Manager

Interview with Georgian newspaper LELO

[ინტერვიუ] მენეჯერ ირაკლი ხვედელიანის საინტერესო ნაამბობი: “…ამ ხელფასით აფრიკიდან 2-3 კარგი ფეხბურთელის ჩამოყვანა შეიძლება”…

ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ეროვნული ლიგის სამომავლო გაძლიერების ერთ-ერთი საშუალებაა განხილული. არაერთხელ დაგვიწერია – ქართულ კლუბებს ვურჩევდით აფრიკული საფეხბურთო ბაზრის ათვისებას.

კი, სადღეისოდ ჩვენს ჩემპიონატში არიან აფრიკელი ლეგიონერები, მაგრამ ადგილზე უკეთესი მუშაობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, გაცილებით კვალიფიციური კადრები მოვიზიდოთ ამ კონტინენტიდან…

ეგვიპტეში დაიწყო აიღო აფრიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ორი ფეხბურთელი თამაშობს – ფრენკ ჩილეშე და ბონეფასიო ფირი ზამბიის ნაკრების ღირსებას იცავენ.

თავის დროზე, ორივე ეს ფეხბურთელი თბილისის “ლოკომოტივში” კლუბის მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი ხვედელიანის მიიყვანა. “ლელო” ხვედელიანს დაუკავშირდა. ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა…

– მოდი, გავიხსენოთ, როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში თავის დროზე ფრანკ ჩილეშე და ბონეფასიო ფირი, რომლებიც დღეს ზამბიის ნაკრებთან ერთად არიან აფრიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე?

– ცოტა შორიდან დავიწყებ. 2022 წელს საქართველოში ჩატარდა უეფა-ს “განვითარების თასის” გათამაშება 16-წლამდელებს შორის. სულ ოთხი ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი ვერ ჩამოვიდა. მაშინ “ლოკომოტივის” სპორტული დირექტორი ვიყავი. ზამბია კენტად დარჩა, ისვენებდა და ჩავთვალე, რომ ამხანაგური მატჩის ორგანიზება კარგი იქნებოდა ჩვენი გუნდისთვისაც და ზამბიელებისთვისაც.

სწორედ ამ ამხანაგურ მატჩში მოგვეწონა რამდენიმე ფეხბურთელი და როცა დავინტერესდი, აღმოჩნდა, რომ ყველა ეს მოთამაშე ერთი საფეხბურთო კლუბის აკადემიის – “კაფუე სელტიკის” აღზრდილი გახლდათ. მაშინ “ლოკომოტივი” ჯერ კიდევ უმაღლეს ლიგაში თამაშობდა.

ჩავერთე პროცესში. მალე ქართული და ზამბიური კლუბების პრეზიდენტებმა 3-წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. სულ “ლოკომოტივისთვის” შეირჩა 6 ფეხბურთელი. ამათგან ზოგიერთმა ადაპტაცია ვერ გაირა და დარჩა ის ორი მოთამაშე, თქვენ რომ ახსენეთ: ნახევარმცველი – ჩილეშე და თავდამსხმელი – ფირი.

– როგორც ვიცით, ზამბიაში იმყოფებოდით. თუ შეიძლება, რომ ამ მოგზაურობაზე გვიამბოთ?

– ზამბიაში ჩატარდა წარმომადგენლობითი სასელექციო ტურნირი. იქ ჩასულმა არაერთი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მათ შორის, ზამბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მულამბო ჰაიმბე. ასევე, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები. ტურნირი კი ჩატარდა ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში. 24 გუნდი მონაწილეობდა სულ.

– საინტერესო ფეხბურთელები არ მოინიშნეთ?

– კი, ორი ფეხბურთელი მომეწონა. საქმე ისაა, რომ ზამბიაში ჩემი ყოფნის პერიოდში “გაგრაში” ვიყავი, მაგრამ კლუბი დავტოვე და იმ ორი ფეხბურთელის ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლია.

– “კაფუე სელტიკზე” უფრო დაწვრილებით გვიამბეთ

– ეს არის ზამბიაში ძალიან ცნობილი საფეხბურთო აკადემია, სადაც აღიზარდნენ ამ დროისათვის ყველაზე ცნობილი ზამბიელი ფეხბურთელები – პატსონ დაკა, ენოქ მვეპუ და სხვები. დღესაც არაერთი, ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ჰყავთ…

– არ შეიძლება, რომ ეს ფეხბურთელები სხვა ქართულ კლუბებს შესთავაზოთ?

– “ლოკომოტივში” ჩემი ყოფნის პერიოდში თბილისურმა კლუბმა აიღო ექსკლუზიური უფლება და ეს სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან მე მაშინ სწორედ “ლოკომოტივში” ვიყავი. ამის გათვალისწინებით, სხვა ქართული კლუბებისათვის ვერ მოხდება ფეხბურთელების შეთავაზება.

– აფრიკული საფეხბურთო ბაზრის თავისებურებებზე უნდა გკითხოთ. გასაგებია, ქართულ კლუბებს არ ექნებათ იქ არჩევანის არც პირველი და არც მეორე უფლება, მაგრამ მაინც გვრჩება განცდა, რომ იქაური ბაზარი ჩვენი კლუბების მხრიდან არ არის ბოლომდე ათვისებული…

– ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით ძალიან დიდი ცოდნა მივიღე. ვიყავი არაერთ აფრიკულ ქვეყანაში – ზამბიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბენინში, ნიგერიაში, მაროკოში, კოტ დ’ივუარში, ეთიოპიაში… ეს კონტინენტი ვნახე მთელი მისი მრავალფეროვნებით. აფრიკაში ფეხბურთი უზომოდ უყვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ფეხბურთი თავის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

ფეხბურთს იქ ყველა თამაშობს. ყველაზე მეტად კოტ დ’ივუარში ვიგრძენი ეს – დედაქალაქ აბიჯანის ყველა კუთხეში თამაშობენ ფეხბურთს, თანაც სად – ქვიშაზე. დადებენ ორი საბურავის ნაგლეჯს და ისე… ფინანსურად იქ ბევრს არ ულხინს. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, 10 ლარიც კი ფულია მათთვის. ქართულ კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ იქ აკადემიის გაკეთება, ანაც არსებულ აკადემიებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. ეს მათ ფინანსურ შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება.

ჩემს მეგობარს აქვს აკადემია და მხოლოდ თავისი ფინანსებით უძღვება ყველაფერს. მერე სერბეთში, ხორვატიაში და სხვა ქვეყნებში ჩაჰყავს ფეხბურთელები. მე აგენტი არ ვარ, ფეხბურთელებს აქეთ – იქეთ ვერ წავიყვან და წამოვიყვან, მაგრამ ეს ჩვენი კლუბებისთვის უნიკალური შანსი რომ არის, ფაქტია, ადგილზე სხვა რეალობაა.

ჩვენთან ჩამოდიან კონკრეტული აგენტების მიერ ქართული კლუბებისთვის შეთავაზებული ფეხბურთელები, ან ის მოთამაშეები, რომელთაც ბედის საძიებლად ტოვებენ აფრიკას. ადგილზე უკეთ მუშაობის შემთხვევაში მათი ხარისხი აუცილებლად მოიმატებს.

– თანაც, აფრიკული ბაზარი ჩვენი კლუბებისთვის საინტერესო უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური თვალსაზრისით…

– მე კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ თუნდაც ჩვენს ლიგა 2-ში თვეში 5-6 ათას ლარს ითხოვენ ფეხბურთელები, რომელთა შესაძლებლობებიც უკვე წლებია, ვიცით. ამ ხელფასად აფრიკიდან 2-3 კარგი ფეხბურთელის ჩამოყვანა შეიძლება. მერე კი ამ კადრების სარფიანად გაყიდვა სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო.

ჩვენი ინტერვიუ ფირის და ჩილეშეს თემით დავიწყეთ. როცა ისინი პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში, მათი ხელფასი 200 დოლარი იყო. კი, აქ იყო სხვა ხარჯებიც – კვების, ცხოვრების და სხვა, მაგრამ ხელფასი ასეთი იყო. საქართველო ბევრი აფრიკელი ფეხბურთელისათვის შეიძლება იქცეს ერთგვარ ტრამპლინად.

– საინტერესოა, ამდენი უცხოური ვოიაჟის მერე საზღვარგარეთიდან ხომ არ შეგხმიანებიან დაინტერესებული კლუბები? უკვე დაგიგროვდათ დიდი გამოცდილება. მუშაობდით თბილისის “დინამოში”, “ვიტ ჯორჯიაში”, “ალაი ოშში”, “ლოკომოტივში”, “გაგრაში”…

მოლაპარაკება მქონდა ორ ალბანურ კლუბთან, “აპოლონიასა” და “პოგრადეცისთან”. “აპოლონიას” შევუთანხმდი კიდეც, მაგრამ სულ ბოლოს მითხრეს, ახლა არ ვართ მზად და ზაფხულში ვილაპარაკოთო. მეც არ ვიცი, რა მოხდა.